English / ქართული / русский /
ნინო ჭამიაშვილი
სადაზღვევო კომპანიების აქტუარული გათვლები პანდემიის პირობებში

ანოტაცია. დაზღვევა რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რისკის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება (სადაზღვევოსაზოგადოებაზეგადაცემა).აღნიშნულ ნაშრომში საუბარი იქნება პანდემიის დროს სადაზღვევო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე, მოყვანილი იქნება მაგალითები, სადაც ნათლად ჩანს, რა ზარალი მოუტანა, COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა სიტუაციამ, მსოფლიოს სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიებს. რისკის სწორად შეფასებისა და მისი შემცირებისათვის, აუცილებელია შესაბამისი ისტორიული მონაცემების ქონა. მიმდინარე პანდემიურ ვითარებაში, ისტორიული მონაცემების ნაკლებობამ ხელი შეუშალა მომავალი რისკის მოვლენების მოდელირებას და მის პროგნოზირებას. თუმცა აღნიშნულ ნაშრომში მოყვანილი იქნება ის პრინციპები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შედარებით მარტივად გადალახონ ეს კრიზისი.

საკვანძო სიტყვები:დაზღვევა, სადაზღვევო რისკი, პანდემიური რისკი, COVID-19, რისკების მართვა. 

შესავალი 

დაზღვევა  არის შეთანხმება, რომლის თანახმადაც წინასწარ განსაზღვრული თანხის გადახდის სანაცვლოდ, სადაზღვევო ორგანიზაცია აგინაზღაურებთ შესაბამის ზიანს. 

სადაზღვევო საქმიანობის ძირითადი პრინციპი ასეთია: მზღვეველი ანუ სადაზღვევო ორგანიზაცია აზღვევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (დაზღვეული) იმ რისკებისაგან, რომელთა წინაშეც ისინი შეიძლება აღმოჩდნენ და მათ სადაზღვევო პოლისსა და ხელშეკრულებას გადასცემს, რომელშიც გაწერილია დაზღვევის პირობები. დაზღვევის მისაღებად დამზღვევი პირები სადაზღვევო ორგანიზაციას წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით უხდიან სადაზღვევო პრემიას ანუ ფულად შენატანს. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ანუ წინასწარ განსაზღვრული რისკების რეალიზაციის შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაცია დაზღვეულ პირებს, ხელშეკრულების პირობებისა და სადაზღვევო ლიმიტის შესაბამისად, უნაზღაურებს ზიანს. სადაზღვევო ლიმიტი კი წინასწარ განისაზღვრება და ეთითება სადაზღვევო პოლისში.

დაზღვევის, როგორც სამეწარმეო ხასიათის მქონე საქმიანობის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ელემენტის სწორად გააზრება, გათვლა და მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირება, რაც შესაძლებელია აქტუარული ანგარიშების წარმოებით.

აქტუარული ანგარიშები არის მზღვეველსა და დამზღვევს შორის ფინანსური ურთიერთობების განსაზღვრის საფუძველი დაზღვევის ტარიფის დადგენისას, ის არის მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების სისტემა, რომლის გამოყენებით გაიანგარიშება სადაზღვევო მომსახურების ღირებულება და თითოეული დამზღვევის წილი სადაზღვევო ფონდების ფორმირებაში.

მაღალი კონკურენციის პირობებში სადაზღვევო კომპანიის წარმატებით ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია რეალური სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე, გაითვალოს დაზღვევის ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსალოდნელ სადაზღვევო ანაზღაურებას და თვით კომპანიის ფინანსურ მდგრადობას.

აქტუარული ანგარიშები ბიზნესთან მიმართებაში პირველად გამოყენებული იქნა 1762 წელს და თანამედროვე პირობებში აქტუარის პროფესია საბანკო და სადაზღვევო სექტორში ერთ-ერთ აუცილებელ პროფესიად არის მიჩნეული. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაღალკვალიფიციური აქტუარების მოწოდებით, ბაზრებზე ჩამოყალიბდა ჯანსაღი კონკურენცია კომპანიებს შორის და შესაბამისად, ამაღლდა მათი ფინანსური მდგრადობა. 

*** 

ადამიანების ჯანმრთელობაზე გავლენის გარდა, კორონავირუსმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზეც, მათ შორის, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა სადაზღვევო ინდუსტრიაზე. მაგალითად, მსოფლიოში უძველესი ჩოგბურთის ჩემპიონატი Wimbledon, რომელიც ყოველწლიურად ტარდება დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ვერ ჩატარდა და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას მოუწია ზარალის თანხის გადახდა, რადგან ღონისძიების ჩატარება დაზღვეული ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილმა ზარალის თანხამ შეადგინა 114 მლნ. ფუნტი სტერლინგი. ასევე, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ის სადაზღვევო კომპანია, რომელშიც დაზღვეული იყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ღონისძიების ჩატარება. ამ შემთხვევაშიც, ანაზღაურებული ზარალის თანხა საკმაოდ დიდი იყო და შეადგინა 2 მილიარდი აშშ დოლარი.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სადაზღვევო კომპანია განიხილავს და აფასებს პანდემიის რისკს სადაზღვევო რისკებში, Covid-19–ის გლობალურმა ეფექტებმა გამოიწვია რისკის მრავალი ზოგადი შეფასება და შესაბამისად სპეციალისტების შეთანხმებით, ამ მოვლენას უწოდეს  ”შავი გედი” („Black Swan”), როგორც რთულად შესაფასებელი და არაპროგნოზირებადი რისკი.

რისკის სწორად შეფასებისა და მისი შემცირებისათვის, აუცილებელია შესაბამისი ისტორიული მონაცემების ქონა. თუმცა ჩვენს ამჟამინდელ პანდემიურ ვითარებაში, ისტორიული მონაცემების ნაკლებობამ ხელი შეუშალა მომავალი რისკის მოვლენების მოდელირებას და მის პროგნოზირებას. გასულ საუკუნეშიც, როგორც გვახსოვს, იყო პანდემია, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით, პანდემიის რისკი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. ამის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ დაზღვევის ფარგლებში პანდემიური რისკის შეფასება ბოლომდე გააზრებული და დაშვებული არ არის.

უამრავი ქვეყნის მთავრობის მხრიდან გლობალური ჩაკეტვის (Global lockdown) გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთი მხრივ, შემცირდა კორონავირუსის გავრცელება, ხოლო, მეორე მხრივ, გავლენა მოახდინა სხვადასხვა ბიზნესსექტორზე, რომელთა წინასწარ პროგნოზირება სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ძალიან რთული იყო.

რაც შეეხება საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებულ სიტუაციას, საგრძნობლად შემცირდა სამომხმარებლო მოთხოვნა ავტოდაზღვევის მიმართულებით, თუმცა გაიზარდა მოთხოვნა ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით. საქართველოს ბაზარზე არსებული სადაზღვევო კომპანიების 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელს კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი 609,027 ადამიანს ჰქონდა, რაც 2019 წელთან შედარებით 15,214 ადამიანით მეტია. ხოლო, 2020 წელს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 91,898 იყო, რაც  წინა წელთან შედარებით 1,019 სადაზღვევო პოლისით არის შემცირებული.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიებს მოუწიათ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და გაანალიზება იმ პრობლემების, რის წინაშეც მოუწიათ დადგომა პანდემიური რისკის ფონზე. შესაბამისად, კომპანიების მხრიდან მოხდა კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა. ყველა ორგანიზაციას და მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებს, შეუძლიათ გამოიყენონ რისკის მართვის ძირითადი პრინციპები COVID-19 პანდემიის პირობებში, რათა შეამციროს ხანგრძლივად უარყოფითი შედეგები სადაზღვევო რისკის დონეზე. თუ კომპანიას აქვს ძლიერი საწარმოს შიდა რისკების მენეჯმენტის პროგრამა (ERM) ან თუ ჯერ არ მიუმართავს რისკების ამ ტიპის მენეჯმენტისთვის, ქვემოთ მოცემული პრინციპები დაეხმარება ამ სადაზღვევო კომპანიას ამ კრიზისის გადალახვაში:

1)  პირველ რიგში უნდა მოხდეს მიმდინარე და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა. ორგანიზაციები რისკის მენეჯმენტს იყენებენ „არაპროგნოზირებადი რისკების პროგნოზირებისათვის“. პანდემიასთან დაკავშირებული რისკების (და შესაძლებლობების) იდენტიფიცირებისთვის, აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, თუ რა არის ეს რისკები. COVID-19-ის გარშემო არსებულმა განსაკუთრებულმა გარემოებებმა, შეიძლება გამოავლინეს ის რისკები, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ განხილული - ან შეიძლება იდენტიფიცირებულ რისკებში გამოიკვეთა ახალი გარემოებები. როგორიც არ უნდა იყოს საქმე, აუცილებელია, იმ ორგანიზაციული რისკების მხედველობაში მიღება და ანალიზი რომელიც შეიძლება დადგეს შემდეგი თვის, სამი თვის, ექვსი თვის, ცხრა თვის თუ წლის განმავლობაში.

იმისათვის, რომ ეს ყველაზე ეფექტურად განხორციელდეს, უნდა მოხდეს შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

  • ყველა სახის რისკის მხედველობაში მიღება - საოპერაციო, სტრატეგიული, ფინანსური და რეპუტაციული;
  • ნებისმიერი საფეხურის თანამშრომლებისგან და დაინტერესებული მხარეებისგან (კლიენტები, გამყიდველები და ა.შ.) მოპოვებული ინფორმაცია, შესაძლოა მოიცავდეს იმ რისკებს, რომელზეც აქამდე კომპანიას არც კი უფიქრია;
  • აუცილებელია პანდემიის გავლენის შედეგად დამდგარი კრიტიკული საკითხების ანალიზი გეოგრაფიული არეალის კუთხით და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გეგმა-სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დაეხმარება სადაზღვევო კომპანიას რესურსების, ბიუჯეტის სწორად მართვაში. ამისათვის კი მსოფლიოში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინება და მათ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, შესაძლებელია დადებითად აისახოს კომპანიის სამოქმედო გეგმებზე, რადგან შესაძლებელია სხვა კომპანიების რისკები ახლოს იყოს (ან თუნდაც იდენტური) ამ კომპანიის რისკებთან და შესაბამისად, მათ მიერ შემუშავებული სტრატეგიების მიხედვით და მიღებული გამოცდილების შედეგად, მოხდეს სწორის სტრატეგიების შემუშავება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა.

2) აუცილებელია სადაზღვევო კომპანია იყოს მოქნილი ნებისმიერ სიტუაციაში. აუცილებელია ორგანიზაციის როგორც შიგნიდან, ისე მის გარეთ მომდინარე თუ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების იდენტიფიცირება და ანალიზი. შესაბამისად, ამ ანალიზის საფუძველზე, კონკრეტული დასკვნის გამოტანა, რომ ისინი სიცოცხლისუნარიანია და შეუძლია მიმდინარე სტრესული მდგომარეობის მიუხედავად, წარმატებით საქმიანობა. კომპანია ყოველთვის მზად უნდა იყოს გამოწვევებისთვის და ჰქონდეს ადექვატური ნაბიჯები კრიზისულ სიტუაციაშიც კი.

3)  თანამშრომლებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაცია, არსებული სიტუაციის მათთან ერთად ანალიზი, კონკრეტული გეგმების განხილვა, რომელიც მოიცავს რისკის მართვის სტრატეგიებს, ბიზნესის უწყვეტობისა და ანტიკრიზისულ გეგმას. მათი ჩართულობის შედეგად, ისინი მეტად მოტივირებულნი და შრომისუნარიანნი გახდებიან.

4) ძალიან ბევრმა სადაზღვევო კომპანიამ რისკების შეფასებისას მიიღო გადაწყვეტილება, რომ რისკის შემცირების სანაცვლოდ, მნიშვნელოვანი აქტივები გადაეზღვია. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან.

5) COVID-19–ის წარმატების ისტორიები იქნება ადამიანები და ორგანიზაციები, რომელთა რეპუტაცია გაუმჯობესდა პანდემიის პერიოდში სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად.

რეპუტაციული რისკი, არის ერთ-ერთი გაუთვალისწინებელი რისკი, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიის პერიოდში. სადაზღვევო ინდუსტრია უკვე განიცდის ცუდი მომხმარებლის რეპუტაციას, განსაკუთრებით იმ სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა: სამოგზაურო დაზღვევა და ბიზნესის შეწყვეტა, რომელთა შესახებაც მომხმარებლებმა ხშირად არ იცოდნენ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა სადაზღვევო კომპანიამ განახორციელა პოზიტიური სვლები, რამაც გაზარდა ნდობის დონე და შესაბამისად, გავლენა მოახდინა რეპუტაციული რისკის შემცირებაზე. მაგალითად, სადაზღვევო კომპანიებმა, რომელშიც დაზღვეული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, დაზღვეულებს დაუბრუნა გადახდილი აუთვისებელი პრემიის თანხა სრულად ან ნაწილობრივ, მათი რისკის დონის ცვლილების შესაბამისად. 

დასკვნა 

COVID-19 პანდემიამ მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვია სადაზღვევო ბაზარზე. მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ძალიან ბევრ სადაზღვევო კომპანიას. რისკის მართვისათვის, სადაზღვევო კომპანიების ქმედება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორთან, როგორიცაა: ლიკვიდურობის დონე, რისკის ქვეშ მყოფი პორტფელი, გადაზღვევის იმედი, თავისუფალი აქტივების დონე და სხვა. მართალია, მიმდინარე პანდემიურ ვითარებაში, ისტორიული მონაცემების ნაკლებობამ ხელი შეუშალა მომავალი რისკის მოვლენების მოდელირებას და მის პროგნოზირებას, თუმცა სადაზღვევო კომპანიები უნდა მორგებოდა არსებულ სიტუაციას და შეძლებოდა მათი დანაკარგების რაოდენობრივი შეფასება და მართვა. რადგან ყველა ცუდი სცენარის წარმოდგენა და შესაბამისი ანალიზის შემდგომ, ისინი ყოველთვის მზად იქნებოდნენ ნებისმიერი გამოწვევისათვის.

არსებულ სიტუაციაში, აუცილებელია სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ყველა სახის რისკის მხედველობაში მიღება, როგორიცაა: საოპერაციო, სტრატეგიული, ფინანსური და რეპუტაციული რისკები. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სადაზღვევო კომპანიების მიერ რისკების მართვის კუთხის გადადგმული ნაბიჯების მუდმივი ანალიზი. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1) “How is coronavirus affecting the insurance industry?”, Economics Observatory. 15 October 2020

2) “Responding to the COVID-19 and pandemic protection gap in insurance”, OECD, 16 March 2021

3) “Covid-19: implications for insurer risk management and the insurability of pandemic risk”, Andreas Richter & Thomas C. Wilson,  22 September 2020

4) “Risk Management During the COVID-19 Pandemic”, BMS. 2021

5) https://forbes.ge/sadazghvevo-seqtori-pandemiis-dros/, სადაზღვევო სექტორი პანდემიის დროს, 12 იანვარი 2021

6) ა. ცინცაძე, ნ. სვანიძე, აქტუარული ანგარიშები დაზღვევაში, 2009